Saturday, December 9, 2017

პირიქითა გაკვეთილები, ანუ ერთი დღე შებრუნებულ საკლასო ოთახში

ამ წერილში მინდა ვისაუბრო სწავლების ერთ-ერთი ინოვაციური მეთოდის შესახებ, რომელიც  ბოლო რამდენიმე წელია სკოლებში, კოლეჯებსა თუ უნივერსიტეტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხარისხის ნიშანს წარმოადგენს.
ჯერ გადავხედოთ ,,შებრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდის განმარტებას. სწავლა-სწავლების ზემოაღნიშნული მიდგომა გულისხმობს მასწავლებლისა და მოსწავლის როლების შეცვლას, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეზე ორიენტირების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ინტერაქტიული სწავლება გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში ახალი სტრატეგიების, მიდგომებისა და შეფასების ხერხების დანერგვას, აქედან გამომდინარე, იცვლება სწავლების მიზანიც. უხეშად რომ ვთქვა, გაკვეთილის ახსნა-დასწავლა-ჩაბარების ჯაჭვს ენაცვლება ახალი მასალის დამოუკიდებლად გააზრება და კლასში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით განმტკიცება.
ტრადიციულ გაკვეთილზე მოსწავლეს უმეტესად ენიჭება პასიური მსმენელის როლი. ახსნილი მასალის გაგების ხარისხი საშინაო დავალების შემოწმების ან გამოკითხვის დროს იზომება. თუ მოსწავლის მომზადების დონე არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება, შესაძლოა, მან დაბალი შეფასება დაიმსახუროს და თან უყურადღებობისთვისაც უსაყვედურონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსწავლეთა სიმრავლის გამო, მასწავლებელს ინდივიდუალური მიდგომების განსახორციელებლად დრო არასდროს რჩება. სწორედ მსგავსი სიტუაციიდან თავის დასახსნელად შეგვიძლია გამოვიყენოთ შებრუნებული საკლასო ოთახის ფორმატი, სადაც პედაგოგი თითოეულ მოსწავლესთან უშუალო კონტაქტს შეძლებს. რაც მთავარია, შებრუნებული გაკვეთილის მთავარ მიზანს ცოდნის მიღებასთან ერთად მრავალმხრივი უნარების გამომუშავება წარმოადგენს.
ინტერაქტიური სწავლების მომხრენი მიიჩნევენ, რომ გაკვეთილი მოსწავლისთვის სიახლის გაცნობით უნდა იწყებოდეს, რადგან თუ ის გაკვეთილის დასაწყისშივე გაერკვევა მისთვის უცნობ საკითხებში, ფაქტებსა თუ მონაცემებში, მისი მოტივაცია სიღრმისეული სწავლის თვალსაზრისით აუცილებლად გაიზრდება. ასე რომ, აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგნის მიმართ შემეცნებითი ინტერესისა და მოტივაციის გაღვივებისთვის.
სასურველია, მოსწავლე მარტო არ დარჩეს უცნობ მასალასთან მუშაობის დროს, ამიტომაც ჯგუფური აქტივობები ინტერაქტიური გაკვეთილის განუყოფელი ნაწილია. ამას გარდა, თანამშრომლობითი სწავლის უნარების განვითარების უკეთეს მიზეზს ვერც წარმოიდგენთ.
აღნიშნული მეთოდით გაკვეთილის დაგეგმვა შეიძლება ხშირად ვერ შევძლოთ, თუმცა მისი ძირითადი ხედვა, რომ მივცეთ მოსწავლეს ახალი მასალის ინდივიდუალურად გაცნობის და საკუთარი დამოკიდებულების გაჩენის საშუალება, ჩემი აზრით, ყველა ახალი საკითხის გავლისას უნდა გავითვალისწინოთ. რაც არ უნდა რთულად ასათვისებელი იყოს მასალა, მასწავლებელი უნდა შეეცადოს, მოსწავლეს მზა პასუხის ნაცვლად მისკენ მიმავალი გზა დაანახოს.
შებრუნებული გაკვეთილის შედეგიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად არიან მომზადებული მოსწავლეები მსგავსი გამოწვევისთვის. სანამ მათ გაკვეთილის მართვის სადავეებს გადავცემდეთ, საჭირო უნარები უნდა გამოვუმუშაოთ, მაგალითად: გავაცნოთ კლასს ახალ მასალაზე მუშაობის სხვადასხვა ხერხი, განვიხილოთ და ერთობლივად შევასრულოთ ამა თუ იმ ტიპის დავალება და სხვ.
კარგია, თუ გაკვეთილს ტექნიკური მიმართულებითაც გავამდიდრებთ. დავალების შესრულებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ მრავალფეროვანი ინსტრუმენტები: თემატური ვიდეოგაკვეთილები (უკვე არსებული ან, საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ მიერ შექმნილი), საგანმანათლებლო საიტები (buki.ge; kargiskola.ge;  ka.khanacademy.org, britishcouncil.ge/english/online და სხვ.), მინიტესტების ელექტრონული ვერსია, რომელთან წვდომა მოსწავლეებს თავიანთი სმარტფონებითაც შეეძლებათ; ხმის მიცემის მობილური აპლიკაციები, რომელიც საგაკვეთილო თემის თუ ფორმატის არჩევაში დაეხმარებათ. მოსამზადებელ პერიოდში მოსწავლეებს სავარაუდოდ დასჭირდებათ: საძიებო სისტემა (google); საოფისე პროგრამები: Word, PowerPoint, ელექტრონული ლექსიკონი (ena.ge) თემატური ვიდეომასალებისთვის – youtube.com და სხვ.
სასურველია, თუ შევძლებთ ახალი ინფორმაციის მოსწავლის პირად გამოცდილებასთან (სასკოლო, ცხოვრებისეული) დაკავშირებას. შეგვიძლია მოსწავლეებთან ერთად დავგეგმოთ ცალკეული აქტივობები: გამოჰკითხეთ, რომელი კონკრეტული უნარის (მაგ., პრეზენტაციის აწყობა) განვითარება სურთ,  ან რა ტიპის ჯგუფური თუ ინდივიდუალური სამუშაოს შესრულება იქნება მათთვის საინტერესო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, შეგიძლიათ შეადგინოთ მინი კითხვარი სასურველი საგაკვეთილო თემის არჩევის მიზნით ან თავად შესთავაზოთ აუდიტორიას სადისკუსიო თემები და საკვლევი საკითხის განხილვის ფორმატი. ახალი პრობლემების ერთობლივი ძალებით გადაჭრა, პროექტებით/ექსპერიმენტებით სწავლა და სხვა მსგავსი დინამიური სასწავლო პროცესი მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების და არსებულ სოციუმში თვითდამკვიდრების პროცესს ერთმნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
ინტერაქტიური გაკვეთილის დამაგვირგვინებელ აქტივობას წარმოადგენს შეცდომების და წარმატების ჯგუფური (ზეპირი) და ინდივიდუალური (თვითშეფასების ბარათები) ანალიზი. შეფასების დროს სჯობს, მასწავლებელმა აქცენტს გააკეთოს მოსწავლეთა წარმატებაზე, რადგან აღნიშნული გაკვეთილები საგნით დაინტერესებაზე, თანამშრომლობასა და ჩართულობაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე – მასალის ათვისების ხარისხის განმსაზღვრელი შეფასებით გაზომვაზე.
რაც შეეხება წესებს, რომელიც გაკვეთილის მსვლელობის რეგულირებისთვის გვჭირდება, მისი დაცვა ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს და მოსწავლეებთან ერთად უნდა შემუშავდეს. თუ საგაკვეთილო პროცესის თითოეულ წევრს კარგად ექნება გააზრებული აქტივობების წარმატებით წარმართვისთვის საჭირო ქცევის წესების დაცვის მნიშვნელობა, მაშინ არც სადამსჯელო ღონისძიების ჩატარება მოგვიწევს. თუ მაინც იჩინა თავი პროცესის დამაბრკოლებელმა მოვლენებმა, მაშინ ე.წ. მეამბოხეს შეგვიძლია მაყურებლის როლი შევთავაზოთ, ანუ ჩამოვაშოროთ საინტერესო აქტივობებს.
მოსწავლეს თავიდანვე კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ის თავად არის გაკვეთილის თანაავტორი – სასურველი მიმართულებით წარმართავს პროცესს, მის ხელშია ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების ბერკეტები, რაც გამბედაობას და მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღების უნარს მოითხოვს. გაკვეთილებზე, სადაც მასწავლებლის როლი შესუსტებულია და მისი ჩართულობა მხოლოდ მოსწავლის ინიციატივის ხელშეწყობით შემოიფარგლება, როგორც წესი, დისციპლინური პრობლემები ნაკლებად იჩენს თავს.
მოსწავლეებს სასწავლო მასალა მიეწოდებათ დისტანციურად. ისინი მოიძიებენ/კითხულობენ დამხმარე მასალას, უყურებენ მითითებულ ვიდეოებს, ხვდებიან ერთმანეთს სკოლაში/ სკოლის გარეთ ან აწყობენ ონლაინ-დისკუსიას და ჯგუფურად ამუშავებენ, საგაკვეთილო რესურსს საშინაო დავალების ფორმატში. საკლასო შეხვედრები კი მრავალფეროვან ჯგუფურ აქტივობებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს ეთმობა. გაკვეთილზე მასწავლებელს გაცილებით მეტი დრო რჩება, რათა დაეხმაროს და დააკვირდეს მოსწავლეებს, დროულად გამოავლინოს ახალ მასალასთან დაკავშირებული სირთულეები და განმარტოს გაუგებარი საკითხები.
ახალ ფორმატზე გადასვლა საკმაოდ რთული პროცესია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მისი მშობლებისთვის. გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად სჯობს, დროულად უზრუნველყოთ მათი ინფორმირება თქვენ მიერ დანერგილი სიახლის შესახებ. წერილში ასევე განიხილეთ ზემოაღნიშნული საგაკვეთილო ფორმატის უპირატესობა სტანდარტულ სწავლა-სწავლებასთან შედარების გზით.
შებუნებული საკლასო ოთახის მოდელს უმეტესად უნივერსიტეტებში იყენებენ, თუმცა აღნიშნული მიმართულების გამარტივება და სასკოლო სივრცეში დანერგვა დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს.

No comments:

Post a Comment