Saturday, December 9, 2017

მებიუსის ლენტი.

მებიუსის ლენტი გერმანელმა მათემატიკოსებმა: ავგუსტ ფერდინანდ მებიუსმა და იოჰან ბენედიქტ ლისტინგმა აღმოაჩინეს. მისი საიდუმლო ის არის, რომ წრეს, რომელსაც ქმნის ამოტრიალებული ბოლოების შეერთება, მხოლოდ ერთი მხარე აქვს. მებიუსის ლენტს არ აქვს შიგნითა და გარეთა მხარეები – ორივე ერთდროულადაა და თუ მასზე მოძრაობ, ერთდროულად შიგნითაც ხარ და გარეთაც.
მებიუსის ლენტის მეტაფორით შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს ჩვენი აღქმისა და ცნობიერების რაკურსი. მაგალითად,  რას მივიღებთ, თუ ამ მეტაფორას ჩვენს შინაგან ბუნებასა და გარე სამყაროზე გადავიტანთ? – რომ არავითარი შინაგანი და გარეგანი არ არსებობს და არც საზღვარი არსებობს ჩვენს შინაგან და გარეგან ბუნებას შორის? გამოდის, რომ ჩვენი სხეული მხოლოდ პირობითი საზღვარია და ცნობიერება ამ ორ პარამეტრში ერთდროულად მოძრაობს. არის ამ მოძრაობაში რაღაც მოუხელთებელი და ამ მოუხელთებლობას მხოლოდ ფიზიკური ცნობიერების საზღვრები ქმნის. ეს პროცესი ძალიან ჰგავს მუდმივ სემიოზისს, როდესაც ნიშნის მუდმივი და მყარი მნიშვნელობები კი არ ყალიბდება, არამედ გამუდმებით ცვალებადი. თითქოს აღმნიშვნელი და აღსანიშნი ერთდროულად არსებობს, ან აზრი და შინაარსი, რომლითაც ეს აზრი გამოითქმის. ანუ ის, რაც ორობითია, გადადის სხვა განზომილებაში: კეთილისა და ბოროტის, სინათლისა და სიბნელის, შინაგანისა და გარეგანის მიღმა… რამდენი რამ შეიძლება გაგახსენოთ ამ მეტაფორამ და თუ მას მებიუსის ლენტის მოდელში გადაიტანთ, სულ მცირე, საინტერესო თამაშს მიიღებთ.
თამაში ვახსენე და აქვე ვიტყვი, რომ არც ლიტერატურა დარჩენილა გულგრილი ამ მოვლენის მიმართ – პოსტმოდერნმა ლიტერატურულ ფორმებად შემოიტანა ასეთი თამაშები.
როგორც ლიტერატურათმცოდნე თამარ ბარბაქაძე წერს: „უკვე XX ს-ის 80-90-იან წლებში გამოჩნდა ქართულ პერიოდიკაში მებიუსის ლენტისა და მათემატიკური სტრუქტურების პოეზიაში დამკვიდრების პირველი ცდები. მწერლობაში მებიუსის ლენტი გვხვდება ართურ კლარკის და ურალელი მწერლის ვლადიმირ კრაპავინის მოთხრობებში. ქართულ მწერლობაში კი მებიუსის ლენტი პირველად 1994 წელს ჟურნალ „პოლილოგში“ ახსენეს. მიხეილ გოგუაძე გვთავაზობს ამგვარ ტექსტს: „თუ მებიუსის ლენტის ზედაპირზე ცალ-ცალკე წარმოვიდგენთ ლომს და ფარაონს, მაშინ, როცა ორი ზედაპირი ერთ ზედაპირად იქცევა, იოლი წარმოსადგენია სფინქსიც. იგივე ხდება ენაშიც, სადაც ერთმანეთს ერწყმის ბგერითი რეალობა და შინაარსობრივი კომპონენტები“.
თანამედროვე ფოტოხელოვანი ჟილბერ გარსენი თავის შემოქმედებაში ხშირად მიმართავს მებიუსის ლენტის მეტაფორას.

წყვილი, რომელიც მებიუსის ლენტის მსგავს გზაზე შიგნითა და გარეთა ზედაპირებზე იწყებს მოძრაობას, ერთმანეთს შეხვდება, რადგან ამ ლენტზე შიგნითა ზედაპირი გარეთაში გადადის და პირიქით… ორი ზედაპირი ხდება ერთი, რომელიც ორივეს მოიცავს.
ტერენტი გრანელის ეს ფრაზა კი თითქოს მებიუსზე დაიწერა: „არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, რამედ რაღაც სხვა…“

No comments:

Post a Comment