Thursday, November 16, 2017

ლიტერატურული კომპოზიცია -გმირები

კაცობრიობა რომ არ დაბერდეს
სიბრძნით, ძიებით ან დადინჯებით,
ჩვენს სასახელოდ მამებთან ერთად
იბადებიან თურმე ბიჭებიც.
ბიჭები! ღმერთო, სულ მთლად ბავშვები!
როგორც ლეგენდებს გადმოუციათ.
ბავშვებო ცეცხლს ნუ ეთამაშებით,
ნურც ისტორიას!.. რევოლუციას!..
წადით, ბიჭებო, სახლებში წადით,
წიგნი იკითხეთ ან ითამაშეთ
მაგრამ ბიჭები დროის წადილით 
ისტორიისთვის წერენ განაჩენს.

აგე, ნორჩ მხედარს, მგზავრობით დაღლილს,
სპარსეთს რომ ელის გზა დამღუპველი,
მამის და დედის ფიქრივით თალხი
ასდევნებია ნოსტეს ღრუბელი.
ბიჭს ცალი ხელით ვწვდები ქამარში
ცალი ხელითაც მხარზე შემოვწვდი:
მე პაატა ვარ... ვერ გადამარჩენ,
მე უნდა მოვკვდე საქართველოსთვის.

ვიღაცა ხოხვით თხრილს გადავიდა
გაუწვა ბლინჟანდს ვით გემის კიჩოს
თიანეთს ძეგლად გნახავთ კაპიტან,
ჩვენო ამაყო, ჭაღარა ბიჭო!

არა, ისინი არა კვდებიან...
არა კვდებიან... მათ მხოლოდ ჰკლავენ!
და ქვეყნად რაც კი იმედებია_
აუზიდია მათ ბავშურ მკლავებს.
ათასი დაფნა, წიგნი, მოლბერტი,
ვინც სინდისს თავი არ აარიდა!

_კაცობრიობა რომ არ დაბერდეს
ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!




  მომავლიდან მოვდივართ ჩვენ, ქართველი ახალგაზრდები,რომლებსაც საოცრად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა,მრავალჭირნახული,მრავალტანჯული,ათასგზის მოკლული და ფენიქსივით მკვდრეთით აღმდგარი, მიწას დანარცხებული და ბალახივით საფლავიდან ამოსული,გაყიდული,გაძარცვული,მაგრამ ერთგული შვილების სისხლით გამოსყიდული,სანატრელი,საყვარელი დედა-საქართველო!
რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. “(ილია)
 გმირები ყოველ ეპოქაში იბადებიან,რადგან საქათველო გმირთა ქვეყანაა.ჩვენ  ჩვენი ეპოქის თანამედროვე გმირებზე გვინდა მოგითხროთ,რომელთა სისხლი ბოლომდე არ შეშრობია მიწას,რომლებსაც აუცილებლად გამოუჩნდებათ თავიანთი მემატიანე და იტყვის ტიციანივით: „მე დიდი მყავდა წინამორბედი,წინამორბედი მაცხოვარს ჰგავდა“-ო.
         ახლა თებერვალია,კარსაა მომდგარი 25 რიცხვი ამ თვისა.....სიამაყე და სინანული ერთად შერწყმულა,თითქოს გრცხვენია,რომ მათ გვერდით, მათ სიახლოვეს არ იყავი და ერთგულება ვერ დაუმტკიცე, ომახიანად ვერ გააგონე რუსთაველის სიტყვები:ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების“.

http://www.georoyal.ge/images/13617214122145.jpg
კონსტანტინე გამსახურდია
ქართულ არტილერიას ვუძღვნი

საბედისწერო დღე გვაუწყა სიონის ზარმა.
, ჰამლეტ, ჰამლეტ გადააგდე ხმალი სასწორში.
მუზების პარნასს მე ვარჩიე ბნელი ყაზარმა,
გუშაგად მივალთ, ერო ჩემო, შენს ველმინდორში.

თოფის წამალი მომენატრა მუშკის მოყვარულს,
ვინ ნახეთ ხმალი ამომეღოს ერთხელ ქარქაშით.
გულში ვატარებ სასოებას სხვისთვის, დაფარულს,
მივდივართ ბრძოლად განწირული ყორნისფერ რაშით.

და მელანდება მე ასპინძა, კრწანისის ველი,
ჰაუმივჰყივი მამაპაპათ უკვდავ აჩრდილებს,
დიდო ბატონო“, მოგვაშველე ეგ მკვდარი ხელი,
ნუთუ დასტოვებ უპატრონოდ შენ ერთგულ შვილებს!

მინდა მოვუხმო ამერიმერთ, ერთგულ ხევსურებს,
ამიშვით ძმებო, ჩამოვრეკო მეტეხზე ზარი,
დღეს ჩვენთან მოვა, ქართლის დაცვას ვინც მოისურვებს,
სადღაა, ვამბობ, სააკაძექართლის ცეზარი?..

ჰხამს მომაკვდავი მამულისთვის ცეცხლს ეზიაროს.
ქართველო ერო! გარეწართა გროშზე გაგყიდეს!
სჯობს მტრად მოსულმა ჩვენ ცხედრებზე გადაიაროს,
ვიდრე სამშობლოს ვერაგულად თვალებს დასთხრიდეს!
                                                                        ტფილისი, თებერვლის 18, 1921 .


 გმირებად არ იბადებიან, გმირებად ხდებიან,ამისათვის სამშობლოს სიყვარული და ერთგულებაც კმარა! ილია მოუწოდებდა ახალგაზრდობას,გიყვარდეთ თქვენი სამშობლო და ამ სიყვარულს ანაცვალეთ ყველაფერიო.
   და ანაცვალეს,ანაცვალეს ყველაზე ძვირფასი ---სიცოცხლე,რომ დაეცვათ სიცოცხლეზე უძვირფასესი--საქართველო!

მარო მაყაშვილი ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ოჯახში დაიბადა – მამა, კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი ცნობილი პოეტი და მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამააარებელი იყო, ხოლო დედა – თამარ გაბაშვილი, ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ასული გახლდათ. მარო სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომლის დასრულების შემდეგ ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. სურდა უცხო ენების შესწავლა, მაგრამ არ დასცალდა. მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიწყო საქართველოს ანექსია.
როდესაც საბჭოთა რუსეთის XI არმია შემოესია საქართველოს, მის თავისუფლებას დაემუქრა, ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ივანე ჯავახიშვილმა სიტყვით მიმართა სტუდენტებს, სამშობლოს დასაცავად მოუწოდა მათ. მაშინ დაირაზმა მთელი ქართველი ახალგაზრდობა, ერთი სულისკვეთებით მოცულნი ფარად და მახვილად ექცნენ სამშობლოს. სტუდენტებს არც გიმნაზიელები ჩამორჩენიან, მათაც შეუქმნიათ ასეული… მათ შორის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო შალვა მაყაშვილი. “მივდივარო” – მოულოდნელად განუცხადა ოჯახის წევრებს, პოეტმა მამამ, კოტე მაყაშვილმა გზაც დაულოცა ნაუცბათევად დავაჟკაცებულ შვილს.
„… წადი, შვილო, შეასრულე,
რაც გიბრძანა შენმა გულმა…“
მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, 19 წლის მარომაც ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მასთან ერთად მოხალისეებად წავიდნენ ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვა. 17 თებერვალს ისინი წითელ ჯვარში ჩაეწერნენ მოწყალების დებად და ისე შეუერთდნენ კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც უკვე გააფთრებით იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებელი საქართველოსთვის. შემორჩენილია ამ პერიოდის მაროს წერილები, რომლებიც სავსეა პატრიოტული სულისკვეთებით.
1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა, ნამსხვრევი კეფაში მოხვდა…
23 თებერვალს, 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მათ შორის არის დასაფლავებული მარო მაყაშვილიც.
ზაქარია ფალიაშვილის “დაისის” მთავარ გმირს სახელი მარო მაყაშვილის პატივსაცემად ჰქვია, ასაკიც იგივეა…
ცნობილია, რომ მარო წერდა მოთხრობებს, მაგრამ შემორჩა მისი ჩანაწერების მხოლოდ მცირე ნაწილი.
წერილი ფრონტიდან:
„…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.
შენი მარო.“
ჩემი ძმები და ამხანაგები,
ვინც შეიწირა ომმა წყეულმა,
ასე მგონია რაღაც განგებით
თეთრ წეროებად გადაქცეულან…
წეროთა გუნდი ყივის და ყივის
ისინი მართლაც ჩემი ძმებია.
სადღაც გამქრალა მიჯრილი მწკრივი
და, ალბათ, ჩემი შესავსებია
 და შეავსო,შეავსო ის მწკრივი,რომელიც თეთრ წეროებად ქცეული მიეახლა უფალს და საქართველოს სატკივარი აუტანა!
  გმირები ღირსეულ ოჯახებში იზრდებიან! არანაკლები გმირია მაროს მამა-კოტე მაყაშვილი,რომელმაც სიამაყით დაიტირა ასული:
„  არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,
თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!
გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;
საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!
დავიღალე… დავიჩაგრე… და შენი ვარ მხმობელი,
ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი,
სამშობლო თუ შენ რომელი, ახ, ვიტირო რომელი?..
დავდნი ცრემლად ორივესთვის, სხვათა ცრემლის მშრობელი!
მაგრამ არა! წუთიერი სისუსტეა! შემინდე!
მაროს მამა – ლაჩარივით როგორ უნდა შევშინდე?
როს იღვიძებ, შვილო ჩემში, მფეთქავ ალად ვიგზნები!
შენ ღირსი ხარ ჩემი და მეც შენი ღირსი ვიქნები!
შემომხედე, მუხასავით ვდგევარ მაგრად, წყნარადა,
სადარაჯოს არა ვსტოვებ, ავდარს ვაგდებ არადა,
და თუ ბედმა წამაქცია მეხით ცეცხლის მკვესავით,
წავიქცევი უდრეკელი, რაინდულად, შენსავით!..“
მარო მაყაშვილის 17 წლის ძმაც დის გვერდით დადგა . საომრად მიმავალ შვილს მამამ დაულოცა გზა და ქართველობის ტვირთი შეახსენა:
შენც მიდიხარ იქ, საითკენ ქართველები იჩქარიან,
გული სევდით მეკუმშება და თანდა თან მიხარიან!
მართალი ხარ: საქართველო გაჭირვების წუთს განიცდის,
ამ გარ წუთში წმინდა გრძნობა, წრფელი გრძნობა აღარ იცდის,
რომ გაფუჭდე უსარგებლოდ?! არ მიჯერებ, თქმას არ მაცდი
ჯერ ბავშვი ხარ უსუსური და სულითკი დავაჟკაცდი!
წადი შვილო, შეასრულე, რაც გიბრძანა შენმა გულმა,
თავდადებულ გმირთ წინაპართ გიწინამძღვროს დიდმა სულმა.
ჩემი სისხლი და ხორცი ხარდა მისმინე, რის ვარ მთქმელი:
შენ მიყვარხარ მე იმდენად, რამდენადაც ხარ ქართველი,
საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა,
ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.”
16 თებერვალი, 1921 .

 თებერვლის საშინელება,საქართველოს დაცემა და თავს დამტყდარი უბედურება საოცარი განცდით გაცოცხლდა კოლაუ ნადირაძის ლექსში. ესაა გოდება ყოველი ქართველისა,რომელმაც იმ ავადსახსენებელ დღეებში გამოიტირა სამშობლო:
თოვდადა თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდადა თბილისს ებურა თალხიდუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდადა თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

 არ შეიძლება ,არ გავიხსენოთ მიხა ხელაშვილი ,25 წლის ვაჟკაცი,რომელმაც ღირსეულად იცხოვრა,როგორც შეეძლო ,ისე ემსახურა ქვეყანას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამოაზრეობა არჩია გადაგვარების გზაზე დამდგარ თანამემამულეებთან ერთობას და კაცურად წავიდა ზეციურ საქართველოში ღირსეულ წინაპრებთან.გულშიჩამწვდომი და უბრალოებით გენიალურია მისი პოეზია,რომელიც იმდენად შეიყვარა ხალხმა,რომ მისი“ ბინდისფერია სოფელი“,“ლექსო ამოგთქომ,ოხერო“ დღემდე ხალხური ჰგონია.
წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.
იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდსჭია, კაცის გულსჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა”.
ან კიდევ

„მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, ამას ვყიჟინებთ ყველანი,
სამშობლოს გასჭირვებია, ყვავებს დაუწყავ ფრენანი,
და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი,
სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი.
კიდევ იხილოს ქალაქმა, ფშავ-ხევსურთ აბჯართ ჟღერანი,
თუკი წაგვართმენ სამშობლოს, რად გვინდა თვალთა ცქერანი,
მივალთ იქ, საცა რომ უჭირს, შორით არ გვიყვარს მზერანი,
სუყოველთვისინ ომი გვაქვს, ჭრილობა, სისხლის დენანი.
თვალითა ვხედავთ, რა ცხადად, რად გვინდა წარმოდგენანი,
მივხედ-მოვხედოთ ქართველთა, მტერნი გვყავს რაოდენანი!

  გმირობა ფართო ცნებაა.გმირია ყოველი ადამიანი,რომელსაც არა მარტო სამშობლოსათვის,არამედ მოყვასისათვისაც შეუძლია თავის გაწირვა.ასეთებს მრავლად იცნობს ჩვენი ისტორია.
იოსებ ჟორდანია 1895 - 1962 ,
ექიმ - პროფესორი თვითმფრინავით საქართველოში ბრუნდებოდა, ატლანტიკის ოკეანეში დაიღუპა, მან თავისი მაშველი რგოლი პატარა გოგონას დაუთმო, ამასთანავე ამბობენ, რომ მან ცურვა არ იცოდა, მისი გმირობა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია XX   ისტორიულ სინამდვილეში.
 მკერდშენგრეული ბოინგი მკვდარ ვეშაპივით ტოკავს,
ზღვა თავზე წაუხურია, როგორც კეისარს ტოგა.

ჯგლეთა...ყვირილი...ჩოჩქოლი...და განწირულთა შიში
ჯერ კიდევ აუფეთქებელ ნაღმის წააგავს შიშინს.

ისვრის შტურმანი ბრძანებებს... მაშველ რგოლივით ისვრის,
ჟილეტს იცვამენ... ძებნა აქვთ სკამის ნატეხის, ფიცრის.

კარს აწყდებიან ზრიალით... ზღვაც იფოფრება სამტროდ,
ამ ცოდვის ორომტრიალში ძაღლი ვერ იცნობს პატრონს.

და როცა მთლად შეიშალნენ მოსალოდნელი საფრთხით,
ბავშვის ტირილი გაისმა, როგორც ჭყლოპინი ბარტყის.

უბილეთოა გოგონა... და უპირველეს ყოვლის,
არც ჟილეტი აქვს საბრალოს, და არც მაშველი რგოლი.

ვიღაცამ რგოლი მოიხსნა...თავი გადადო მსხვერპლად...
და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა.

 ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, - რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის ფიცარზედ იბეჭდავს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაბეჭდვითა, როგორც სარკე, გვაჩვენებს იმ ღონეს და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისთვის და გაძლიერებისთვის.
    ამიტომაც გვიყვარს  წარსული,  ისტორია და გვეამაყება,რომ ქვეყნად ერთი საქართველოა და ისიც ჩვენია.

პოეტი
გაივლის დრო და... თაობები შეიცვლებიან,
დაილექება დასალექი ოქრო და რკინა...
, იმ ქედებზე პაპიჩემის პაპის ძვლებია,
და ბერ თევდორეს
ხავსმოდებულ საყდარში სძინავს...
გადაწინწკლულან ყაყაჩოთი
ქართლის ველები,
თურქთა ჯარივით
ჩამომდგარა თრიალეთს სიცხე,
ჩაუყვანიათ ნოსტელ ბიჭებს წყალზე ცხენები,
გააგელვებენ, მერე რაშებს
რკონისკენ ფიცხელ...
, იმ ქედებზე, პაპიჩემის პაპის ძვლებია,
ქარმა ნისლები საფლავებთან მიაფარფატა...
გაივლის დრო და... ეგ ბიჭებიც დაიზრდებიან,
კაცმა არ იცის, ვინ იქნება მათში პაატა
                          ჟიული შარტავას ხსოვნას
დღეს თქვენს წინაშე ქედმოხრის ვდგავართ,
 პატივს მივაგებთ თქვენს ნათელ ხსოვნას
და გწამდეთ ის დღე, რასაც ნატრობდით
ადრე თუ გვიან ნამდვილად მოვა.
 და კვლავ ვიხილავთ ჩვენს საქართველოს
 გაცისკროვნებულს, ნათელს და მზიურს
 თქვენ კი ვარსკვლავად აბრწყინდებით
 მის ნათელ ცაზე, ბატონი ჟიულ.


    "ნეტავი იმას, - ამბობს ერთი ბრძენი, - ვინც არამცთუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის, არამედ თავისი სახელის მხოლოდ ხსენებითაცო".ეს სიტყვები სავსებით შეეფერება მერაბ კოსტავას,რომელმაც ვაჟკაცობისა და მამულის უზომო სიყვარულის გარდა ულამაზესი შემოქმედებაც დაგვიტოვა.
იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს
ართა გამრიგემ არ გაიმეტოს
ვინც სამყაროთა თვალის ჩინია.
ადამიანო, შენდა იმედად
ღაღადებს სიტყვა "ნუ გეშინია".
ზეცამ ძუძუდან არ მოგიკვეთა,
ყოველი არსი შენთვის ხმიანობს,
ვაგლახად სასო არ წარიკვეთო,
ვინძლო სული არ დაიზიანო.
ფათერაკს მკერდით დაგაუდექი,
მოძმეთ იმედი არ წარუხოცო,
ადამიანო, იყავ უდრეკი,
იყავ უშიში, ვითა უხორცო.

სტიქიონების ველურ თარეშში
სულის სიმტკიცე გმართებს მალული,
რადგან ვაჟკაცურ გზნების გარეშე,


როცა წინასწარ თქმული ახდება,
როცა სამყარო ფაფარს აიშლის,
განსაცდელს მშვიდად თუ არ დახვდები,
როგორ იწოდო პირმშო ქარიშხლის.

ნაჭუჭის კაცად ნუ გადიქცევი,
თორემ დინება წაგლეკს, გაგრიყავს,
სტიქიის რისხვას თუ გაექცევი,
რაღას დააკლებ ცხოვრების გრიგალს.

უტეხი რწმენით შენ არ წაწყდები,
დააცხრობ ღელვას, დათრგუნავ ქარებს,
სად თანაგრძნობა ვერას გახდება,
იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს.
                                         ლოცვა
შემაძლებინე, მაღალო ღმერთო,
მოყვასთა ჩემთა მუხლი ვუყარო,
მოძმე მკერდიდან არ მომივკვეთო,
ტრფიალი მისი არ განმიქარვო.
გთხოვ, მარტვილობა მიქციო ბრძმედად,
გარდასახდენი არ განმარიდო,
ღირსად მყო ძისა შენისა ჭვრეტად,
ჩემის ცხოვრების სამაგალოთოდ.
რამეთუ მწადის დიდო გამჩენო,
მოსახდენს ზურგი არ შევაქციო,
სურვილი შენი, განზრახვა შენი,
მიზნები შენი ჩემად ვაქციო

   ნება მოგვეცით  ჩვენი მოკლე ისტორიულ-ლიტერატურული კოლაჟი ანზორ აბულაშვილის ლექსით გვინდა დავამთავროთ
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით
ისეთი ბიჭი დაბადებულა
დაურქმევიათ თურმე დავითი!

წუხელის ბიჭი დაბადებულა
დაურქმევიათ იმისთვის - ცოტნე
შენ - ორგულობავ, აბა გაბედე 
და გული ჩვენი ისევე კორტნე.

წუხელის შოთაც დაბადებულა
დაბადებულა თურმე დემეტრე
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის 
რა სიხარული გამოიმეტე!

წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო 
ყველა გმირმა და თავდადებულმა
დაბადებულა თურმე ვახტანგი
წუხელ დემეტრე დაბადებულა.

საქართველოს ცა, ისეც მაღალი
უფრორე მეტად ამაღლებულა
დაბადებულა მთვარე-გიორგი
თურმე ილია დაბადებულა!

წუხელის მტერი - ერთპირად ჩვენი 
მოსპობის მდომი - დადარდებულა
დაბადებულა თურმე სულხანი
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.

დაბადებულა ბიჭი პაატა
გათენებულა წუხელის თეთრად
დაბადებულა სამასი გმირი
ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად!

წუხელის გოგოც დაბადებულა
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი
ისეთი გოგო დაბადებულა
დაურქმევიათ თურმე თამარი.

დაბადებულა წუხელის ნინო 
და ქეთევანი დაბადებულა
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად 
ღვთიურის ნათლით განათებულა.

ყველა ზღაპარი - ნაოცნებარი 
ახდენილა და გამართლებულა
დაბადებულა თურმე ნესტანი 
და თინათინი დაბადებულა.

და გიხაროდენ! ქართველთა შორის 
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა 
და ერთიანი, ნანატრი დროის
ქართლი ხელახლა დაბადებულა!




No comments:

Post a Comment