1 საჟენი - 2,134 მეტრი
1 არშინი - 0,7112 მეტრი
1 გოჯი - 4,445 სანტიმეტრი
1 ქცევა - 3600 კვადრატული მეტრი1 დღიური - 0,39-0,5 ჰექტარი
1 წყრთა - 51-52 სანტიმეტრი
1 ადლი - 2 წყრთა - 101,15 სანტიმეტრი
1 ოყა - 1,36 კილოგრამი
1 კოკა - 12 ლიტრი
1 კოდი - საშუალოდ 4 ფუთი დაახლოებით 40 კილოგრამი
1 ნაოთხალი - 1/4 კოდი, რაჭაში 8, 10 კილოგრამი
1 ბათმანი - ირანული 3 კილოგრამი, ოსმალური 7,3 კილოგრამი
1 თუნგი - 4, 5, 6 ან 8 ლიტრი
1 ხელადა - 2, 3 ან 4 ლიტრი
1 ნიტრა - 10 კილოგრამი
1 ჩაფი - 16 ლიტრი
საპალნე - აქლემის-224-294 კილოგრამი და ცხენის - 147 კილოგრამი,ვირის-65 კგ
1 პირი - დაჭრილი შეშის საზომი 1/4 საჟენი
ფუთი - 16 კილოგრამი.
1.ხალხურმა შემოქმედებამ ასეთი ანდაზა შემოგვინახა: „ბატონი კაცის მუცელი ადლი და ნახევარია, საწყალი კაცის მუცელი არც იმის ნახევარია“.
2.ადლი, სიგრძის საზომი ერთეულის მნიშვნელობით, გვხვდება თამარ მეფის ლექსშიც: „უბის ავაგე საყდარი, უწყლოსა წყალი ვადინე,
ისპაანს დავსდევ ბეგარა, სტამბოლს ხარაჯა ავიღე,
თეთრს ზღვაში რკინა ჩავაგდე, ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე,
ამდენი საქმის მოქმედმან ცხრა ადლი ტილო წავიღე!“
3.ადლს ხშირად იყენებდა ილია ჭავჭავაძე თავის მოთხრობებში. იგი ლუარსაბსა და დარეჯანზე წერდა: „ნუთუ ნახევარი საუკუნე იმისთვის იცხოვრეს, რომ ოთხი ფიჭვის ფიცარი ეშოვათ და სამ-სამი ადლი მიწაო.“
4.უსამართლობით აღშფოთებულმა არსენა მარაბდელმა თავისებური ადლი მოუზომა ვაჭრებს: „მათი ადლი რომ ანახა, არსენას არ დაუჯდესა,
შინდის ჯოხი გამოუჭრა, რომელიც რომ გრძელი თქვესა,
შვიდი მტკავლით გაუზომა, მისხალი არ დააკლდესა!“
5. სიგრძის საზომი ერთეულებიდან ქართული სინამდვილე ხშირად იყენებდა მტკაველს:
„მტკაველი რაა, ერთი მტკაველი,
მტკაველიც არსად დაუტოვია,
დაუთოვია ირგვლივ მთა-ბარი,
მთლად საქართველო დაუთოვია!“ (მ.ლებანიძე)
6. ან კიდევ: „ ასეა ჩემი სამშობლო, მიწის ყოველი მტკაველი,
დედის მკერდივით ტკბილია, ტკბილია ჩემი მთა-ველი!“ (ა.შენგელაია)
7. ზოგიერთ ლექსში ზომისა და წონის ერთეულები ერთდროულად გვხვდებოდა, ასე მაგალითად: „ სანატრელია! მენატრება სოფლის მთა-ველი,
შორიდან მესმის მშობლიური კუთხის ნანინა,
ქვეყნადგამჩენო, დაკარგული ყველა მტკაველი,
ნეტავი პეშვით სამშობლოში მიმატანინა!“
8. წონის ერთეულად პეშვთან ერთად ხელადაც იხმარებოდა, რომელიც 2-3 ლიტრს უდრიდა და გვხვდებოდა თუნგი, რომელშიც შეიძლება, 8ლიტრამდე სასმელი ჩატეულიყო.
9. პოეზიაც არ დარჩა ვალში ამ თემას: „ ქალი ვარ, განა ქარი ვარ,
თავქარიანი ველადა,
ქალი ვარ, განა ღვინო ვარ,
როგორ შეგივსო ხელადა?“
10. „მტკვარს ეხვევა თოლიების გუნდი, და მოცარტის რექვიემი უკრავს,
ღვინით სავსე მომიტანეთ თუნგი, ამ ცხოვრებას პოეზია ღუპავს.“
11. ლადო ასათიანი სვან ქალებს ასე ახასიათებს:
„ სვანის ასულებს მოუხურავთ წითელი ფარჩა,
მათ სხვა ფერებზე უფრო უყვართ ფერი წითელი,
ერთი ხელადა, მარტო ერთი ხელადა დარჩა,
ჩქარა იყიდეთ ოჯალეში შარშანწინდელი!“
12. გოჯი, სავარაუდოდ, ჩვენი წინაპრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიგრძის საზომი ერთეულია, ვინაიდან, ძირითადად, ქართულ მიწა-წყალს უკავშირდება ხოლმე.
13. „მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან,
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
უსათუოდ სამადლობელს ღაღადებდა
საქართველოს მადლიანი მიწა.“ (ა.კალანდაძე)
14. შემდეგ ლექსში ერთად მოუყრია თავი გოჯსა და მტკაველს:
„ აკურთხე, ღმერთო, ცა აკურთხე ქვეყნის მფრაველი,
ყოველი გოჯი მამულისა, ყველა მტკაველი!“
15. წყრთა- ასევე სიგრძის საზომი ერთეული გახლდათ ძველად. სულხან-საბა წერდა: „წყრთა არს მანძილი იდაყვითგან თითის წვერამდე.“ დაახლოებით, 51-52 სანტიმეტრი.
16. „ბიბლიისა“ და „სახარების“ ქართულ თარგმანში ხშირად გამოიყენება წყრთა. წყრთობითაა წარმოდგენილი ნოეს კიდობნის ზომები, სოლომონ ბრძენის მიერ აშენებული უფლის სახლი, თვით დავითისაგან დამარცხებული გოლიათი ასეა დახასიათებული: 6 წყრთა და 1 მტკაველი იყო მისი სიმაღლე. ე.ი. დაახლოებით, 4 მეტრი.
17. ნოდარ დუმბაძე ხშირად ხმარობს ბათმანს, რომელიც 3 კილოს უდრის. ზურიკელას ბებიამ („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) მასწავლებელს მოსამზადებლად ერთი ბათმანი ლობიო, 4 წველა ყველი და ერთი ფუთი ღვინო მიართვა.
ფუთი=16 კილოგრამს.
18. დავით კლდიაშვილის მოთხრობის გმირები იმდენად ღარიბები არიან, რომ მხოლოდ ნახევარი ქცევა ვენახი გააჩნიათ.
1ქცევა უდრიდა 3600 მეტრკვადრატს.
19. საპალნე ცოტა უცნაური წონის ერთეული გახლდათ, რადგან აქლემის საპალნე 224-294კგ-ს უდრიდა, ცხენის-147-ს, ხოლო ვირის-65კგ-ს. აქედან წარმოიშვა ანდაზა: „აქლემი ისე არ დავარდება, ვირის საპალნე ვერ აიკიდოსო.“
20. არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ზღაპარი „ცეროდენა“, რომელშიც ცერისტოლმა ბიჭმა სასწაულები მოახდინა.
ახლა თითოეული ბავშვი იმ ცეროდენას ჰგავს, წინ დიდი საქმეები და სასახელო ცხოვრება რომ ელოდება, თუ, რა თქმა უნდა, დაუჯერებს აღმზრდელებს და არ დაიზარებს სწავლასა და გარჯას.
No comments:
Post a Comment